მინსკში ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას ათასობით მომხრე შეიკრიბა
ხუთშაბათს საღამოს მინსკის სკვერში ბელარუსის საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციონერ სვიატლანა ციხანოუსკაიას მომხრეები შეიკრიბნენ. თავი მოიყარა ათასობით ადამიანმა, მიუხედავად ციხანოუსკაიას საარჩევნო შტაბის გადაწყვეტილებისა, გაეუქმებინა დაგეგმილი მიტინგი, რომელიც „მეგობრობის პარკში“ უნდა გამართულიყო.
შტაბმა მიტინგის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა იმავე დროს და იმავე ადგილზე სარკინიგზო ჯარების დღისადმი მიძღვნილი დღესასწაულის ჩატარება. ციხანოუსკაიამ მიტინგის შესახებ 1 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, მინსკის საქალაქო აღმასკომმა კი დღესასწაულის თაობაზე 3 აგვისტოს გამოაცხადა.
ციხანოუსკაიას პრესმდივანმა, ანა კრასულინამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას უარი უთხრა სხვა ალტერნატიულ მოედნებზე მიტინგის ჩატარებაზე, ამასთან, არა მარტო მინსკში, არამედ სხვა ქალაქებშიც. ციხანოუსკაიას შტაბში ამ ქმედებას „აბსოლუტურად უკანონო“ უწოდეს და საჩივრები შეიტანეს გენერალურ პროკურატურასა და ცესკოში. მიუხედავად ამისა, მათი თქმით, არ მოახდენენ ხალხის პროვოცირებას და არ მოუწოდებენ მათ არასანქცირებულ აქციაზე გამოსვლისკენ.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს იმართება. უკვე დაწყებულია წინასწარი კენჭისყრა. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ, რომელიც ზედიზედ მეექვსე ვადით ასარჩევად იყრის კენჭს.
ხელისუფლებამ დააპატიმრა ლუკაშენკას ოპონენტები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდნენ - ბანკირი ვიქტარ ბაბარიკა და პოპულარული ბლოგერი სერგეი ციხანოუსკი. რეგისტრაციაზე უარი უთხრეს ოპოზიციის კიდევ ერთ კანდიდატს, ბიზნესმენ ვალერი ცაპკალას, რომელმაც ქვეყანა დატოვა დაპატიმრების შიშით.
ციხანოუსკის დაპატიმრების შემდეგ მისმა ცოლმა, სვიატლანამ გადაწყვიტა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ცესკომ რეგისტრაციაში გაატარა ის. ციხანოუსკაიას გარშემო სხვა დაურეგისტრირებელი ოპოზიციური კანდიდატების შტაბებიც გაერთიანდნენ.