შსს აცხადებს, რომ დააჯარიმა კორონავირუსით ინფიცირებულები ტაქსის მძღოლი
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, თბილისში კაცს იზოლაციაში ყოფნის ნაცვლად თბილისის ქუჩებში ტაქსით სისტემატურად გადაჰყავდა მგზავრები.
„1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან", - ნათქვამია განცხადებაში.
იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი დააჯარიმეს.
ორივე კოვიდინფიცირებულ პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000-2000 ლარის გადახდა დაეკისრა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5068 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 808-ით მეტი ახალი შემთხვევაა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 152 704 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1425-ია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2336-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 126 904.