მამუკა ხაზარაძის თქმით, ამომრჩეველმა მოლაპარაკების საკითხები უნდა გაიგოს
პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დადგა დრო, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლის წინაშე გაასაჯაროონ მოლაპარაკებების საკითხები, რომ ამომრჩეველმა იცოდეს რაზეა საუბარი, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საერთაშორისო ფასილიტატორებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი სიტყვებით, ელჩებთან შეხვედრაზე წარმოადგინეს ოპოზიციასთან შეჯერებული წინადადებათა პაკეტი, რომელთა ძირითადი კომპონენტები არ შეცვლილა და ეს არის რიგგარეშე არჩევნების თემა.
„მაგრამ უამრავი სხვა საკითხია ამ პაკეტში, ჩვენმა ფასილიტატორმა ელჩებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, ერთი-ორი დღე, სანამ ჩვენ მივიღებთ „ქართული ოცნებისგან“ ასევე ჩამოყალიბებულ წინადადებას და ამის მერე, იმედია, შედგება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია. როგორც ბაქრაძე ამბობს, „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკების ფასილიტატორებს ოპოზიციამ წერილობით გადასცა საკუთარი წინადადებები პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესახებ.
აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ დამთავრდა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან. შეხვედრას 6 ოპოზიციური პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.
გუშინ, 3 დეკემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. კანონის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღეში უნდა ჩატარდეს.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. შედგა შეხვედრების 2 რაუნდი. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვის თარიღი უცნობია.