მამუკა მდინარაძე „გირჩზე“ - ჩანს, რომ შიდა დუღილი არის
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, პარტია „გირჩის“ შესაძლო გაყოფის საკითხს ბრიფინგზე გამოეხმაურა შესაბამისი კითხვის პასუხად და განაცხადა, რომ დაფარვის მცდელობების მიუხედავად, შიდა დაპირისპირებები გარეთ მაინც აღწევს. თუმცა, უკავშირდება თუ არა ეს დაპირისპირება პარლამენტში შესვლის საკითხს, მისთვის უცნობია.
„არ ვიცით, ეს უკავშირდება თუ არა პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს. არის შიდა დუღილი, ამას ყველა ვგრძნობთ და ყველანი ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, რომ ამ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვთ, შიდა დუღილი არის. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პატივს სცემენ თავის ამომრჩეველს და გადაწყვეტილებას საბოლოოდ ყველანი ერთად მიიღებენ საზოგადოების და სახელმწიფოს სასარგებლოდ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მედიაში გავრცელდა დახურულ ჯგუფში "გირჩის" ლიდერის ზურა ჯაფარიძის პოსტის შინაარსი. რომლის თანახმად, ის აღარ აპირებს თავის თანაგუნდელებთან, იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას". ამ პოსტის შემდეგ მას რაიმე განმარტება არ გაუკეთებია.
პარტია "გირჩის" მოქმედი თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ზურა ჯაფარიძის იმ განცხადებით გაკვირვებულია, რომელიც პარტიაში აზრთა გაყოფას უკავშირდება. ხვიჩია აცხადებს, რომ ის პარტიის დატოვებას არ აპირებს.
როგორ გააგრძელებს პარტია მუშაობას, რომელი წევრები რჩებიან და რომლები მიდიან, ან გეგმავს თუ არა რომელიმე მათგანი პარლამენტში შესვლას, ჯერ უცნობია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "გირჩმა" ხმების 2,89 %-ით 4 მანდატი მიიღო. თუმცა პარტია საერთო ოპოზიციურ ბოიკოტს შეუერთდა და უარს აცხადებდა პარლამენტში შესვლაზე. ხმების ამ რაოდენობით, პარლამენტის დეპუტატები ხდებოდნენ: ზურა ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სალომე მუჯირი.