ომის დაწყებიდან რუსეთში მხოლოდ შვიდი სამგზავრო თვითმფრინავი აშენდა დაგეგმილი 108-იდან - BBC
რუსეთის გაერთიანებულმა ავიასამშენებლო კორპორაციამ (ОАК) რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გამავლობაში ააშენა მხოლოდ შვიდი სამგზავრო ავიალაინერი, ნაცვლად დაგეგმილი 108-ისა. ამის შესახებ რადიოსადგურ "ბიბისის" რუსული სამსახური წერს.
საუბარი ეხება შვიდ Superjet 100-ს (სამგზავრო თვითმფრინავი 87-დან 108 ადამიანის გადასაყვანად). ასეთი თვითმფრინავების გამოსაშვებად ბევრი უცხოური კომპონენტი გამოიყენება. შესაბამისად, რუსეთისათვის სანქციების დაწესების შემდეგ მათი გამოშვება გაიყინა, ომის განმავლობაში გამოშვებული ლაინერები კი ომამდე იყო დაპროექტებული. გარდა мо Superjet 100-ისა, რუსეთში გამოუშვეს ორი საცდელი თვითმფრინავი ილ-96-400მ და ილ-114, რომლებიც გამოცდებისთვის გამოიყენება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავებისთვის ცის დახურვა გამოაცხადეს და აკრძალვა დააწესეს რუსეთისთვის თვითმფრინავებისა და ნაწილების მიყიდვაზე. Airbus-მა და Boeing-მა შეწყვიტეს რუსული კომპანიების თვითმფრინავების მომსახურება და რუსეთისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება, ხოლო თვითმფრინავების ლიზინგით დაკავებულმა ზოგიერთმა კომპანიამ ასევე უარი თქვა რუსულ გადამზიდავებთან მუშაობაზე.