ტრამპი: აშშ უკრაინას უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არ მისცემს
ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი რესურსების შესახებ ქვეყნებს შორის შეთანხმებით, რომელსაც იგი იმედოვნებს, რომ პარასკევს მოაწერს ხელს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს.
მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთთან საქმეები „ძალიან კარგად“ მიდის. მან იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება.
ასევე ტრამპმა გაიმეორა, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატოს ალიანსს. მისი სიტყვებით, მოსკოვსაც მოუწევს დათმობებზე წასვლა.
Reuters-ი წერს, რომ გარიგებას, რომლის მიხედვითაც კიევი თავისი მინერალური რესურსებიდან შემოსავლის ნაწილს აშშ-ის მიერ კონტროლირებად ფონდს გადასცემს, მთავარი ადგილი უკავია უკრაინის მცდელობებში, რომ უზრუნველყოს ტრამპის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკი პარასკევს ეწვევა ვაშინგტონს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას იშვიათ მიწათა ლითონებისა და სხვა თემების შესახებ. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავს უკრაინის უსაფრთხოების შორსმიმავალი გარანტიების უზრუნველყოფას.
კიევი ცდილობს მოიპოვოს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ნაწილი გარიგებისა, რომელსაც ტრამპი უწოდებს ომში ამერიკის დახმარების საფასურს.
ზელენსკის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამჟამინდელ პროექტში უკრაინა არ იყოს წარმოდგენილი როგორც მოვალე, რომელსაც ასობით მილიარდი დოლარის დაბრუნება მოუწევს წარსული სამხედრო დახმარებისთვის.
25 თებერვლით დათარიღებული შეთანხმების პროექტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა, ნათქვამია: „აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის“.