სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში - განათლების სამინისტრო
უწყების ცნობით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სამინისტრო განმარტავს, რომ დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში, საჯარო სკოლებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი.
"ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო", - წერია უწყების განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვითარება დღითიდღე მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.