"ძალიან ცოტაა ტექნიკა, მოხალისეებიდანაც ოზურგეთამდე ცოტა ჩამოდის" - სტიქია გურიაში
ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ჭავჭავაძის 10-ში სამოქალაქო მოძრაობის "თავისუფლებისთვის" ოფისში, ადგილობრივმა აქტივისტებმა შტაბი გახსნეს, სადაც სოფლებში ასატანი საკვები, მედიკამენტები და სხვა დახმარება გროვდება, რომლებიც მერე სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ მოხალისე მძღოლებს მიაქვთ.
თუმცა პრობლემები თავად ოზურგეთსაც აქვს. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება წყალი, ქუჩები დათოვლილია და დიდი თოვლის გამო სახლების შესასვლელები ჩაკეტილია. მოხალისეების ცენტრს მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც გარეთ გასვლა არ შეუძლიათ და სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება.
მოხალისეებს საკვები ან თვითონ მოაქვთ, ან საქველმოქმედო ფონდების დახმარებით ყიდულობენ. როცა თოვლში გაჭედილი ადამიანები მათ ურეკავენ, სოფლების მიხედვით იწერენ, სად რა სჭირდებათ.
ოზურგეთის რკინიგზის სადგური. თოვლმა გზა სრულიად დაფარა.
ყველა ქუჩაზე მანქანით გავლა ვერ ხერხდება, ამიტომ მოხალისეები მოსახლეობასთან ფეხით მიდიან. დავით კაპანაძემ და ილია დურგლიშვილმა გზა გაუსუფთავეს ციცო მარდალეიშვილს, რომელიც სახლიდან ვერ გადიოდა.
"სამი ქვრივი ვართ სამეზობლოში, დამხმარე არავინაა", - უთხრა ციცომ რადიო თავისუფლებას.
ქუჩებში მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებს, ბულდოზერებსა და ტრაქტორებს შეუძლიათ. დახმარებისთვის მობილიზებულია თავდაცვის ძალებიც, თუმცა მოხალისეები ამბობენ, რომ ტექნიკა საკმარისი მაინც არაა.
ოზურგეთის მცხოვრებლების თქმით, იცოდნენ, რომ მოთოვდა, მაგრამ სტიქიას არ ელოდებოდნენ.
"მე მაგალითად ვიფიქრე, რომ თოვლი იქნება და გასართობად ჩამოვიდოდი, - ამბობს წარმოშობით ოზურგეთელი მოხალისე თაკო გულბიანი, - მე თუ ვიცოდი მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ თოვლი მოვიდოდა, ხომ უნდა სცოდნოდათ მათაც [მუნიციპალიტეტს]?"
საღამოს აქტივისტების შტაბში პროდუქტებისა და წამლების ასაღებად მოვიდნენ თბილისიდან ჩამოსული მოხალისეები, რომლებიც სოფელ გაღმა დვაბზუში და უფრო მაღლა, ბახვში გაჭედილ ადამიანებთან მიდიოდნენ.
"ჩამოვედით თბილისიდან, ველოდებოდით, სანამ შეგროვდებოდა ჩვენი ეკიპირება და ახლა ვაპირებთ მივიდეთ იქ, სადაც მანქანა ვერ მიდის", - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი გელეიშვილმა, სანამ ჯგუფი გასასვლელად ემზადებოდა.
ოზურგეთსა და გარშემო სოფლებში ამ დრომდე თოვს. აქტივისტების შტაბის გარდა, ამუშავებულია მუნიციპალიტეტის შტაბი, რომელსაც მაღალი გამავლობის მანქანებით "ოფროუდერები" ეხმარებიან. გარდა ამისა, ამუშავებულია აქტივისტების შტაბი ლანჩხუთშიც.
ადგილობრივ მოხალისეებს შეუერთდნენ თბილისიდან ჩამოსული ჯგუფ "დაიტოვეს" მოხალისეები.
ცენტრში შეკრებილი ათამდე აქტივისტი გვიანობამდე პასუხობს ზარებს და ინიშნავს მოსახლეობის სათხოვარს. განსაკუთრებით ხშირად სჭირდებათ მედიკამენტები.
"გვაქვს კომუნიკაცია მუნიციპალიტეტთან, როცა განსაკუთრებულად მძიმე სიტუაციაა, სადაც ვერანაირად ვერ მივდივართ, ან კედელი ინგრევა, ან დიალიზზეა ვინმე, ვცდილობთ, მათთან გადავამისამართოთ, - უთხრა თაკო გულბიანმა რადიო თავისუფლებას, - თუმცა ასეც და ისეც, ძალიან ცოტაა ტექნიკა, მოხალისეებიდანაც ოზურგეთამდე ცოტა ჩამოდის".
ქალაქში ამ დრომდე შეუჩერებლად თოვს.