სტამბოლში დასრულდა აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა
როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, აშშ-ის გენერალური კონსულის რეზიდენციაში შეხვედრა დაახლოებით 6,5 საათს გაგრძელდა. მხარეებს შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებიათ, რადგან ეს არ ყოფილა დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დეტალები მოლაპარაკების შინაარსზე.
შეხვედრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკების „დღის წესრიგში იყო საკადრო საკითხები, ვიზები, დიპლომატიური საბანკო ოპერაციები და სხვა ოპერატიული საკითხები". ამის შესახებ "როიტერსს" განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. უკრაინის საკითხის განხილვა არ იგეგმებოდა, არც პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებისა, - აღნიშნეს უწყებაში.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 26 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მაღალი რანგის დიპლომატები განიხილავენ „სისტემურ პრობლემებს“, რომლებიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ რუსეთის საელჩოს საქმიანობის „უკანონოდ“ და „ხელოვნურად“ შეფერხების შედეგად დაგროვდა და რუსეთმა შესაბამისად უპასუხა. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ "მაღალი დონის დიპლომატები და ექსპერტები".
Reuters-ი შეხვედრამდე იუწყებოდა, რომ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სონატა კულტერი წარმოადგენდა, ხოლო რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ დარჩიევი უხელმძღვანელებდა.
აშშ-ში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს, უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ამოეწურა, მის შემცვლელად წარდგენილ ალექსანდრ დარჩიევს კი საქმიანობა ამ დრომდე არ დაუწყია, ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობის არარსებობის გამო.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან გააძევა 200-ზე მეტი რუსი დიპლომატი. მოსკოვმა აშშ-ის საელჩოს აუკრძალა თანამშრომლებად რუსეთის მოქალაქეების მიღება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან კონტაქტების აღდგენა დაიწყო. ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს და არაერთხელ განაცხადა, რომ მასთან შეხვედრასაც გეგმავს.
18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილებოდა.
უკრაინა შეხვედრაზე არ მიუწვევიათ, რამაც კიევის და ევროპის სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია.