სოხუმიდან მოსკოვში ვერ გაფრინდა თვითმფრინავი, რომელსაც პაციენტები უნდა წაეყვანა
მოსკოვში ვერ გაფრინდა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური რეისი Ил-76, რომელსაც სოხუმის ცენტრალური საავადმყოფოდან რვა პაციენტი მოსკოვის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში უნდა გადაეყვანა.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც Абхазский портал-ი წერს, "რეისის გადადების მიზეზი სერიოზული დაზიანება გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ვერ აფრინდა, მგზავრები მცირეოდენ დაფრთხნენ”.
АМРА-life იტყობინება, რომ „ხვალ იგეგმება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სარეზერვო რეისის ჩასვლა, რომელიც პაციენტებს სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანს".
უცნობია, რა საჭიროების მქონე პაციენტების გადაყვანა იგეგმებოდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყებოდა, რომ საუბარი იყო მათზე, ვისაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
ბორტი ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს, 27 თებერვალს, ჩაფრინდა, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ მიხეილ მურაშკოსთან შეთანხმებით, რომელიც სოხუმში გასულ კვირაში იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩაფრენამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ედუარდ ბუთბამ განაცხადა, რომ "მსგავსი მოვლენა აფხაზეთის რესპუბლიკის თანამედროვე ისტორიაში არასდროს მომხდარა“.
მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკოსებთან კავშირები 1 მარტს დანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გააქტიურა. რუსეთი ღიად ემხრობა ბარდა გუნბას კანდიდატურას. კერძოდ, მასთან სატელეფონო საუბარი გამართეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ.
როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი იუწყება, წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილე სერგეი კირიენკომ, რომელიც მანამდე სოხუმში იმყოფებოდა, რუსეთის რკინიგზის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე „შეთანხმდა რუსულ სირიუსსა და აფხაზეთის სოხუმს შორის რეგულარული ჩქაროსნული მატარებლის გაშვებასთან დაკავშირებული საკითხები“.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა სოხუმის აეროპორტში რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით.
„მას შემდეგ, რაც აეროპორტის სისტემის ფუნქციონირება შემოწმდა პირველი სატესტო რეისით, არსებობს სრული დასტური, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 მაისიდან შეიძლება დაიწყოს“, - თქვა მან.
სოხუმში ყოფნისას კირიენკომ საჰაერო მიმოსვლის საკითხი განიხილა ბადრა გუნბასთან და არა მოქმედ დე ფაქტო მეთაურთან, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბასთან.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების შედეგად, რუსული ავიაკომპანიები ვეღარ ყიდულობენ ახალ სათადარიგო ნაწილებს და თავიანთ თვითმფრინავებს უცხოეთში ვეღარ აგზავნიან ტექნიკური შემოწმებისა და მომსახურებისთვის.