რუსეთში იხსენებენ 10 წლის წინ მოკლულ ოპოზიციონერს, ბორის ნემცოვს
27 თებერვალს 10 წელი შესრულდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან. 2015 წლის ამ დღეს იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მოსკოვში, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე.
მკვლელობის ადგილას პირველივე დღიდან მოქმედებს სახალხო მემორიალი, რომელსაც რეგულარულად შლიან ძალოვანი უწყებების, კომუნალური სამსახურების წარმომადგენლები და მთავრობის მომხრე აქტივისტები. 27 თებერვლის დილას მოხალისეებმა მემორიალი მორიგ ჯერზე აღადგინეს, განალაგეს ნემცოვის პორტრეტები და ყვავილები.
გამოცემა RusNews-ის ცნობით, მოქალაქეებმა დილიდან დაიწყეს მემორიალთან ყვავილების მიტანა. ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა მათ მოსთხოვეს, ეს სწრაფად გაეკეთებინათ და ადგილზე არ შეფერხებულიყვნენ. მემორიალთან ყვავილები მიიტანეს აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ელჩებმაც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან მოხალისეები განდევნეს. პოლიციამ ხალხს მოსთხოვა, დაეტოვებინა მემორიალის ადგილი და განაცხადა, რომ იქ მიმდინარეობს გარკვეული "სპეციალური ღონისძიება".
ამ წლების განმავლობაში, ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები იმართებოდა რუსეთის ქალაქებში და საზღვარგარეთაც. რუსეთში COVID-ის პანდემიისა და უკრაინაში მოსკოვის ძალების შეჭრის გამო მასობრივ ღონისძიებებზე მოქმედი ფაქტობრივი აკრძალვის შედეგად, ამ აქციების ტრადიციული ფორმატი გახდა ყვავილების მიტანა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან.
გამოცემა TV2-ის ცნობით, ტომსკში ამგვარი მემორიალია "გლოვის ქვა", რომელიც "ენკავედეს საგამოძიებო ციხის" მუზეუმთანაა. ამ მემორიალთან პოლიციის დანაყოფი განთავსდა. იგივე მოხდა 16 თებერვალს, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კოლონიაში სიკვდილის პირველ წლისთავზე. თუმცა 27 თებერვალს მოქალაქეებმა ამ მემორიალთან ყვავილების მიტანა მაინც შეძლეს, "გლოვის ქვასთან" ასევე გამოჩნდა ფურცელი წარწერით: "Борись 2015" (სიტყვებით თამაში - წარწერა პატივს მიაგებს ბორის ნემცოვს და ასევე ნიშნავს "იბრძოლე 2015").
ნემცოვის მკვლელობის საქმეზე სასამართლო 2017 წელს გაიმართა და ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა ჩეჩნეთის ხუთ მკვიდრს, მათ შორის ძალოვანი უწყებების ოფიცრებს. ესენი იყვნენ ზაურ დადაევი - რომელიც მკვლელობის უშუალო აღმსრულებლად მიიჩნიეს - ძმები ანზორ და შადიდ გუბაშევები, ტემირლან ესკერხანოვი და ხამზატ ბახაევი. ბრალი არცერთ მათგანს არ უღიარებია.
შარშან გაირკვა, რომ ტემირლან ესკერხანოვმა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინაში გაემგზავრა საომრად - ამის საშუალებას რუსეთის ამჟამინდელი კანონმდებლობა იძლევა.
ნემცოვის მკვლელობის შემკვეთების ვინაობა ჯერაც არ არის დადგენილი. ნემცოვის ახლობლები გამოძიებას აკრიტიკებენ, ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ მკვლელობასთან ჩეჩნეთის ან მთელი რუსეთის ხელმძღვანელობას აქვს კავშირი.