მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ივანიშვილისთვის დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას - მაიკლ მაკკოლი
მაიკლ მაკკოლის სახელით განცხადება პლატფორმა „X“-ზე კომიტეტის გვერდმა გამოაქვეყნა.
„მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიაში ჩათრევისა და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და იმსახურებს“, - წერს მაიკლ მაკკოლი.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.
შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.