სამი ადამიანი დაღუპა და ერთი დაშავდა თბილისში, „დინამო არენასთან“ მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინაში წუხელ გაჩენილი ხანძრის შედეგად - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობაში 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მონაწილეობდა. მძიმედ დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წუხელ ხანძარი გაჩნდა სასტუმრო „რუმს თბილისშიც.“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობიდან სტუმრების და თანამშრომლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა და არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდა მეხანძრე-მაშველების 15 ბრიგადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ცეცხლი გაუჩნდა სასტუმროს სხვენის გადახურვას, სადაც განთავსებულია საკომუნიკაციო და სავენტილაციო შახტები. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 180 კვადრატული მეტრი ფართობი. „რუმს თბილისის“ დირექტორის, ვალერი ჩეხერიას განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი უმნიშვნელოა და სულ დაზიანდა ორი ოთახი. მისივე ინფორმაციით, ევაკუირებული სტუმრები „რუმს თბილისიდან“ გადაიყვანეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში.“ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სასტუმროს მფლობელი კომპანიის, „აჭარა ჯგუფის“ ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.