ერგნეთში განახლდება ქართული მხარის მიერ პროტესტის ნიშნად, მარტში შეჩერებული შეხვედრა
ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე გააპროტესტებს საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ნიქოზთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას. მაისის დასაწყისში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან და გამყოფ ღობესთან გაავლეს „ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები“ როგორც ოკუპირებულ, ისე თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 11 მაის,ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ სოფელ ნიქოზთან გავლებული ზოგიერთი ხნული მართლაც კვეთს ადმინისტრაციულ საზღვარს. მისიის განცხადებით, ეს და ბოლო დროს განვითარებული სხვა მოვლენები 15 მაისს განიხილება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე.
ერგნეთის შეხვედრას დღეს პირველად დაესწრება თბილისის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპატამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე. მან შეცვალა კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
