ქართული მხარე ერგნეთში "პრინციპულად დააყენებს" არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. დღის წესრიგშია სულ 17 საკითხი. ამასთან, ქართული მხარე ძირითადად მიიჩნევს სამ საკითხს - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის მკვლელობების გამოძიებას და საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ნიქოზთან, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სამთავრობო ჯგუფის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპატამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე პრინციპულად დააყენებს ყველა საკითხს, რომელიც ეხება არჩილ ტატუნაშვილის საქმეს. ირაკლი ანთაძე ერგნეთის შეხვედრას დღეს პირველად ესწრება. მან რამდენიმე კვირის წინ შეცვალა კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. დღეიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ოკუპირებული ცხინვალის დელეგაციასაც. ოსურ მხარეს წარმოადგენს დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე, ეგორ კოჩიევი. დღემდე ოსურ მხარეს ხელმძღვანელობდა დე ფაქტო პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი მურატ ჯიოევი. ერგნეთის შეხვედრაში ტრადიციულად მონაწილეობენ ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლები.