ბახტაძე: გამოცდებზე გაგრილების სისტემის შესახებ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრებთ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს მდებარეობს: „ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობა მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, აღნიშნული საკითხი ეტაპობრივად მოგვარებულიყო. შესაბამისად, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ცენტრების აღჭურვა, რომელიც სოლიდურ ბიუჯეტს საჭიროებს, მხოლოდ და მხოლოდ პილოტირების შემდეგ განხორციელდება.მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ყველა საგამოცდო ცენტრში შესაბამისად მოწესრიგდა და გარემონტდა სველი წერტილებიც“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 2 ივლისს, ორშაბათს იწყება. საგამოცდო ცენტრები გახსნილია 10 ქალაქში. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ დეპარტამენტში, 2 ივლისს დედაქალაქში ტემპერატურა სულ მცირე +38 გრადუსამდე აიწევს.
