პარიზში მიმდინარეობს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია. მასში მონაწილეობენ ათეულობით სახელმწიფოს მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პარიზში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. სადღესასწაულო ცერემონია გაიმართა ტრიუმფულ თაღთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, გააერთიანონ ძალისხმევა „მშვიდობისთვის საბრძოლველად“. „დავსახოთ იმედები, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი შიშები ერთმანეთის წინააღმდეგ მივმართოთ“, თქვა მან. ამის შემდეგ ქვეყნების ლიდერები გაემგზავრნენ ელისეს სასახლეში სადილზე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა მოაწყო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაემგზავრა სხვა სასახლეში, გრან-პალეში, სადაც რუსეთის საექსპედიციო კორპუსის მეომართა ძეგლი დგას. საფრანგეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულია მოძრაობა „ფემენის“ ორი აქტივისტი ქალი. ისინი გაიძახდნენ ლოზუნგებს და ცდილობდნენ კორდონის გარღვევას და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კორტეჟთან მიღწევას.