შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 3 პირი დააკავეს. მათგან პოლიციელზე თავდასხმისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ გარდაბნის რაიონში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან , დავით კირკიტაძესთან ერთად დაესხა თავს სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გურჯაანში დააკავეს ასევე ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერზე, შ.დ-ზე ძალადობაში მონაწილე პირები-1967 წელს დაბადებული გ.მ და 1971 წელს დაბადებული მ.უ, რომლებიც, პოლიციის თანახმად, ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.