აშშ ოფიციალურად გავიდა ღია ცის ხელშეკრულებიდან, მოსკოვი აცხადებს, რომ "ყველა შესაძლებლობას განიხილავს"
ხელშეკრულებიდან გამოსვლა წარმოადგენს ბოლო დარტყმას იარაღის საერთაშორისო კონტროლის სისტემაზე, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი - ის ჩიოდა, რომ ვაშინგტონს ატყუებენ, ან უსამართლოდ ზღუდავენ თავის სამხედრო შესაძლებლობებში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ "აშშ აღარ არის ღია ცის ხელშეკრულების მონაწილე". ეროვნული უშიშროების საბჭო კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ "რუსეთი [ხელშეკრულებას] წლების განმავლობაში უხეშად არღვევდა".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 21 მაისს გამოაცხადა აშშ-ის გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, რითიც "ღია ცის" ხელშეკრულების სხვა 34 წევრს ექვსი თვით ადრე შეატყობინა ამის თაობაზე, შეთანხმების პირობების გათვალისწინებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება. "ვაშინგტონმა თავისი ნაბიჯი გადადგა. ამისგან სარგებელი არ მიადგა არც ევროპის უსაფრთხოებას, არც საკუთრივ აშშ-ის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას. ახლა დასავლეთში ბევრს აინტერესებს ის, თუ როგორი იქნება რუსეთის რეაქცია. პასუხი მარტივია. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ" - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.