მამუკა მდინარაძე: მრავალპარტიულობის იმედი გვაქვს, იმიტომ, რომ …
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. მისი აზრით, რაციონალური და სახელმწიფოებრივი აზროვნების შემთხვევაში, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.
“მრავალპარტიულობის იმედი გვაქვს, იმიტომ, რომ ვიმედოვნებთ, რაციონალურად, სახელმწიფოებრივად იფიქრებენ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც და საბოლოო ჯამში იმოქმედებენ იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეებმა მიანიჭეს”,-განაცხადა მდინარაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, მხარეებს შორის კონსენსუსის მისაღწევად რის დათმობას აპირებს ხელისუფლება, მდინარაძემ უპასუხა, რომ თუ მათ სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადახრა მაინც იქნება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
“რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით ერთი მარტივი, ძალიან ობიექტური დათქმით, რომ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ერთპროცენტიანი გადახრის შემთხვევაში, ჩვენ რიგგარეშე არჩევნებს ჩავატარებთ”,-განაცხადა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია.
“მგონია, რომ ამ “ბულინგსაც” გაუძლებენ და კომპლექსიდან გამოვლენ, რომ ყველაზე რადიკალური და ქაოსის მოსურნე ოპოზიციის ნარატივიდან გამოვიდნენ, ამასაც შეძლებენ, გონივრული და ლოგიკური მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვიწევს ერთი და იგივე მესიჯის გამეორება, რომ რიგგარეშე არჩევნებზეც კი მივყვებით იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებში ერთპროცენტიანი გადახრა შეიძლება აღმოჩნდეს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ვერცერთი ადამიანი დედამიწაზე, არა მხოლოდ საქართველოში, ვერ გვეტყვის, რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები”, – აღნიშნა მდინარაძემ.