ევროკავშირმა გამოაქვეყნა „კრემლის პროპაგანდის მარცხის“ რეიტინგი
მასში პირველი ადგილი დაიკავა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარშემო განვითარებულმა სიტუაციამ, რომელსაც ექსპერტები უწოდებენ „რუსეთის სახელმწიფოს დიდ სირცხვილს“. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა თავად პოლიტიკოსის მოწამვლა, არამედ იმ ოპერაციის წარუმატებლობა, რასაც თან ახლდა „აშკარა არაპროფესიონალიზმი“ როგორც ნავალნის მოწამვლის შემსრულებელთა, ასევე მათი მხრიდან, ვინც „ალტერნატიულ ვერსიას ავითარებდა“.
ეს განსაკუთრებით შეეხება რუსეთის ეფესბეს სავარაუდო თანამშრომლის სატელეფონო საუბარს თავად ნავალნისთან, რომელმაც თანამოსაუბრეს თავი წარუდგინა მის უფროსად.
მეორე ადგილი წილად ხვდა რუსეთის მიერ გავრცელებულ „ფეიკნიუსებს“ კორონავირუსის თემაზე, მათ შორის, დასავლეთში შემუშავებულ ვაქცინაზე. პროექტმა EuvsDisinfo-მ დაითვალა პანდემიის თაობაზე არარეალური მტკიცებულებებით სავსე დაახლოებით 700 პუბლიკაცია.
კერძოდ, რუსული პროპაგანდა თავდაპირველად ძალას არ იშურებდა, რათა სახელი გაეტეხა კორპორაცია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც კორპორაციამ გადაწყვიტა გამალეის რუსულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, პროპაგანდისტული თავდასხმები ვაქცინაზე მალევე შეწყდა.
მესამე ადგილზე გავიდა რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, რომელმაც თავის საავტორო გადაცემაში ბელარუსში მიმდინარე პროტესტის შესახებ გაყალბებული ფოტოები ნამდვილად გაასაღა.
რეიტინგში მოხვდა თავად ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისმა საიდუმლო პოლიციამ გადაიტაცა დასავლეთის სპეცსამსახურების რეზიდენტების - „მაიკასა“ და „ნიკას“ საუბარი. მაგრამ საუბრის შინაარსი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ მის ნამდვილობაზე თავს თვით რუსეთის ოფიციალური საინფორმაციო საშუალებებიც კი ვერ დებდნენ.