პარლამენტში შესული გელა მიქაძე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა
"პარლამენტში შევედი არა როგორც "ნაცისტურ რაიხსტაგში", "მიშისტურ მთავრობაში" ან აღა-მაჰმად-ხანის რაზმში, არამედ შევედი, როგორც საქართველოს მოქალაქე და ვაღიარებ, რომ იყო გაყალბებული არჩევნები... მე ვფიქრობ, [ოპოზიციისგან] დღეს არის ღია კარის მტვრევა. ეს ისედაც მოხდება. ხალხის მოთხოვნა იქნება, რომ ქვეყანაში იყოს კოალიციური მთავრობა... დღეს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია ჩაატარებს პარლამენტში შამათს. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია მარტო ჩვენ იმედზე დარჩენილი არ უნდა იყოს", - თქვა მან.
ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანისა და გელა მიქაძის უფლებამოსილება პარლამენტმა დღეს ცნო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს ოპოზიციიდან 4 დეპუტატი ეყოლება, მათ შორის ერთ-ერთი ავთანდილ ენუქიძეა. 4-ვე მათგანი "პატრიოტთა ალიანსიდან" არის.
ხუთი პარტიის სახელით გასულმა დეპუტატებმა პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მიზნით უკვე მიმართეს. ესენია: „ლეიბორისტული პარტია", „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ენმ - ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო". აღნიშნულმა ხუთმა პარტიამ შესაძლო ადგილმონაცვლეთა სიაც გააუქმა.
დეპუტატის მანდატის გასაუქმებლად ჯერ პარლამენტისთვის არ მიუმართავს „გირჩის“ სამ და პარტია „მოქალაქეების" ორ დეპუტატს. მათ არც „სათადარიგო" სიის განულების განცხადება შეუტანიათ ცესკოში. გამონაკლისია "გირჩის" სიით პარლამენტში არჩეული ზურა ჯაფარიძე. მან პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით ინდივიდუალურად მიმართა და შემდეგ სხვა მიზეზით პარტია დატოვა.