სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი ახრა ავიძბა პატიმრობაში დატოვეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, დონბასელი სეპარატისტების ერთ-ერთი უკანონო დაჯგუფების მეთაურის, ახრა ავიძბას ადვოკატის საჩივარი და ავიძბა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატმა ინგა გაბილაიამ სააგენტო „აფსნიპრესს“ უთხრა, რომ „საკასაციო კოლეგიის უარს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში" გაასაჩივრებს.
ახრა ავიძბა და მისი თანმხლები 5 პირი სოხუმში, 4 მარტს დააკავეს. ავიძბას ბრალად ედება პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, იარაღის უკანონოდ შენახვა. 7 მარტს, სოხუმის "სასამართლომ" ავიძბას ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა. ავიძბასთან ერთად დაკავებული 4 პირი დონეცკის მცხოვრებია, ერთი კი - ყაბარდო-ბალყარეთის.
ახრა ავიძბამ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ აფხაზეთში შექმნა ახალი გაერთიანება, „ახალი ადამიანები“. ამ განცხადებას წინ უძღოდა ავიძბას მონაწილეობა სოხუმში, 2 მარტს გამართულ აქციაში, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ ქართულ მხარესთან დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას კონტაქტებს.
2021 წლის იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ახრა ავიძბა ძებნილად გამოაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურმა. ავიძბას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის, ტერორისტული ჯგუფის შექმნა, ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და სასტიკი მოპყრობა. ახრა ავიძბას მინიჭებული აქვს ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდება.
ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისშიც, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა.
2020 წლის ივნისში ახრა ავიძბა დანიშნეს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწედ საერთაშორისო საკითხებში. მან „თანამდებობა“ 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „საერთო საქმისადმი რწმენა დაკარგა“.
2020 წლის ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე, სოჭში მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა.