HRW-ი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, გააძლიეროს ავღანეთისთვის დახმარება ჯარების გაყვანის შემდეგ
შეერთებული შტატების მთავრობამ "უნდა გააძლიეროს დახმარება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გოგონებისა და ქალებისთვის, ასევე დამოუკიდებელი მედიისთვის, კონფლიქტის გაფართოების საფრთხის გათვალისწინებით, რაც ძირს უთხრის მიღწევებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ამწვავებს ქვეყნის ჰუმანიტარულ კრიზისს", აღნიშნა თავის 16 აპრილის განცხადებაში ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, რომელიც ნიუ-იორკშია დაფუძნებული.
HRW-მა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების დახმარებას ავღანეთში სასამართლო რეფორმის გატარებაში "სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გაიზარდოს ქალების წვდომა მართლმსაჯულებაზე და მომზადდეს ასობით ადვოკატი, პროკურორი და მოსამართლე".
დამატებითი მხარდაჭერა გახდება საჭირო იმ კანონების გატარების გასაუმჯობესებლად, რომლებიც ქალებს იცავენ; აგრეთვე ავღანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფების გასაძლიერებლად, რათა მათ შეძლონ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მდგომარეობაზე მეთვალყურეობის გაგრძელება, განაცხადა მან.
14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ - გამოიყვანოს შეერთებული შტატების ჯარები ავღანეთიდან 11 სექტემბერს - 20 წლის შემდეგ შეერთებულ შტატებზე ალ-ყაიდის ტერორისტული თავდასხმის დღიდან, რასაც მოჰყვა კონფლიქტი.
ამ განცხადებამ "აღძრა შიშები, რომ შემდგომმა დაუცველობამ, შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მნიშვნელოვან მიღწევებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რამაც საშუალება მისცა ავღანელებს, განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს, მიეღოთ მეტი თავისუფლება, უკეთესი განათლება და ჯანდაცვა", განაცხადა პატრიშა გოსმანმა, ორგანიზაციის აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილემ. ვაშინგტონმა "ვალდებულება უნდა აიღოს - უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაფინანსება და დიპლომატიური მხარდაჭერა ამ მონაპოვრების შენარჩუნებისა და გაფართოების მიზნით და ხელი შუწყოს იმას, რომ დასრულდეს სამოქალაქო პირების აბუჩად აგდება, დასძინა გოსმანმა.