ევროკავშირის წარმომადგენელი: მივესალმებით ქართული ოცნების განცხადებას
"მივესალმებით ქართული ოცნების განცხადებას და მას ვაფასებთ, როგორც ნიშანს მზაობისა, შეუერთდნენ ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც ინიცირებული იყო პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მისი საქართველოში ვიზიტისას 2020 წლის პირველ მარტს და რომელიც პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ, 30 მარტს შეთავაზებულ შეთანხმების პროექტს ეყრდნობა.
ამ დიალოგის ინკლუზიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის პოლიტიკური კომპრომისების მიღწევისთვის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანისთვის არის აუცილებელი, რაც შედის ქართველი ხალხის ინტერესში და ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ კონსოლიდაციას" - განუცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას .
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეიქმნა და რომელსაც მხარეებმა ხელი არ მოაწერეს.
31 მარტს თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.
12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.
დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
მომავალი არჩევნები.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ორი პირობის დაკმაყოფილების გარეშე არ აპირებენ დოკუმენტზე ხელმოწერას. ესენია - ვადამდელი საპარლამენო არჩევნების დანიშვნა, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.