პარიზის სასამართლომ ბელარუს მფრინავს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 9 ფრანგი ჯარისკაცის დახოცვისთვის
სასამართლო განხილვა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, 15 აპრილს დასრულდა სასამართლოს მიერ ვადამდე გამოტანილი განაჩენის გამოცხადებით. სუშკინი და კოტ-დ’ივუარის არმიის კიდევ ორი ოფიცერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალაქ ბუკაში ფრანგულ ბაზაზე განხორციელებულ იერიშში, რომლის დროსაც დაიღუპა 9 ფრანგი მშვიდობისდამცველი და ჰუმანიტარული მისიის 1 ამერიკელი თანამშრომელი. დაიჭრა 38 კაცი.
ამ სისხლიანი თავდასხმიდან რამდენიმე საათში, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის, ბრძანებით, საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს საავიაციო იერიში კოტ-დ’ივუარის დედაქალაქ იამუსუკროში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე და გაანადგურეს ქვეყნის მთელი საავიაციო პოტენციალი. მათ შორის, ბელარუსის არმიისგან ნაყიდი ორი სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, რომლებსაც შერეული ეკიპაჟები მართავდნენ.
ფრანგული მხარის ვერსიით, 2004 წლის საავიაციო იერიში პროვოცირებული იყო კოტ-დ’ივუარის მაშინდელი პრეზიდენტის, ლორან გბაგბოს ნაციონალისტურად განწყობილი გარემოცვის მიერ, რათა ეიძულებინათ საფრანგეთი, დაეტოვებინა ყოფილი კოლონიის ტერიტორია. შეიარაღებული კონფლიქტის დროს რესპუბლიკის ხელისუფლებამ პარიზი დაადანაშაულა სამხედრო აგრესიაში და მოითხოვდა ფრანგი მშვიდობისდამცველების გაყვანას.
თავად ლორან გბაგბო ქვეყნის ისტორიაში პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომლის საქმესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო, რაშიც განსასჯელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.