Добавить новость
ru24.net
World News
Май
2021

მსჯელობა პარტიებში: ვინ იქნებიან თბილისის მერობის კანდიდატები? - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 მაისს

0
 


მსჯელობა პარტიებში თბილისის მერობის კანდიდატზე: რა ვიცით ამ დრომდე?



ვინ იქნება მმართველი პარტიის კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე? ეს კითხვა ჯერ კიდევ ღიად რჩება. „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს ერთად დაასახელებს, არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე.


მოქმედი მერი კი არ ჩქარობს პასუხის გაცემას კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს მეორედაც. კახი კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას გუშინ ასე უპასუხა: „არჩევნები არის შემოდგომაზე, ამიტომ დაველოდოთ. ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, როდესაც ამის დრო მოვა, გულწრფელად გეუბნებით, პირველები იქნებით თქვენ, ვინც გაიგებთ პარტიის თავმჯდომარისგან და ჩემგან ამ ინფორმაციას“.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 18 მაისს კალაძეს „საუკეთესო მერი“ უწოდა და თქვა, რომ მისი მეორე ვადით მერობა კალაძეზეა დამოკიდებული. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით კი, პარტიის შიგნით კალაძეს სრული მხარდაჭერა აქვს.


2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატობას გეგმავს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:


„ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადაწყვეტილება, ამიტომ, ცალსახად ვაპირებ თუ არა კანდიდატობას, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს განიხილება. თუ ამას დაემატება ის, რომ ვიქნები ერთიანი კანდიდატი, ცხადია, ეს პლუსია. გიჟი უნდა ვიყო, რომ ამაზე ვთქვა არა, ეს არ მინდა-მეთქი. რატომ არ უნდა მინდოდეს?!“ - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.


ამ დრომდე არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უთქვამს კონკრეტული გადაწყვეტილება თბილისის მერობის კანდიდატურაზე, თუმცა პარტიის ლიდერი ნიკა მელია სწორედ ისაა, ვინც საერთო ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე ხშირად განიხილება ერთიან კანდიდატად, თუკი ასეთი მომავალ არჩევნებზე იქნება. ნიკა მელია ახლა უკრაინაშია, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გუშინ შეხვდა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, მელიას აქვს დიდი გეგმები, მან ქართველი ხალხის დასახმარებლად შეძლო „ძალიან მაღალი ტალღის“ აწევა. წაიკითხე მეტი.


 




 


დმანისი: ყოფითი კონფლიქტი ეთნიკური ქვეტექსტით - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე მოკლედ



დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გადაიზარდა ფართო დაპირისპირებაში ადგილობრივ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. მხარეებმა, შერიგების ნიშნად, საჯაროდ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი და ხელისუფლებამ კონფლიქტი ამოწურულად გამოაცხადა. ქალაქში ამ დრომდე გამკაცრებულია საპოლიციო კონტროლი.


ადგილობრივი აზერბაიჯანელები და ქართველები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ გვერდიგვერდ ცხოვრების მიუხედავად, ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა ნაკლებად აქვთ. მათივე თქმით, აქამდე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, წარსულში კი ყოფილა მცირე კონფლიქტები, თუმცა ეს არასდროს გადაზრდილა მასშტაბურ დაპირისპირებაში.


„თუ ადამიანი ბოროტია, ესე იგი, ბოროტია“, - ამბობს ალაჰ ვერდი, ინციდენტის მონაწილე და განაგრძობს: „თუმცა როცა გვაგინებდნენ, იძახდნენ, აზერბაიჯენელებო, თქვენი ყველასიო, ეს შეიძლება ნიშნავდეს რამეს“.


რა მოხდა დმანისში და რატომ გახდა პროცესი უკონტროლო? წაიკითხე ვრცლად თორნიკე მანდარიას სტატიაში.


 




 


4 დეპუტატი და 12 მთვლელი - რას დაადგენს არჩევნების შესახებ საპარლამენტო კომისია?



31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში სულ ოთხი დეპუტატია - ორი „ქართული ოცნებიდან“ და ორიც - „ევროპელი სოციალისტებიდან“.


გადაწყვეტილია, რომ 7 თვის წინ ჩატარებული არჩევნების ბიულეტენები პირდაპირ ეთერში გადაითვლება და გამოიკითხება პროცესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი პირი. თუმცა „ქართული ოცნება“ უარს ამბობს მათ მოსმენაზე, ვინც შესაძლოა ფლობდეს დასაბუთებულ ინფორმაციას ამა თუ იმ დარღვევისა თუ დანაშაულის შესახებ.


„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების - გივი მიქანაძისა (კომისიის თავმჯდომარე) და ალუდა ღუდუშაურის გარდა, კომისიის 4-წევრიან უცვლელ შემადგენლობაში ოპოზიციის კვოტით არიან „ევროპელი სოციალისტები“ - დავით ზილფიმიანი (კომისიის მდივანი) და ფრიდონ ინჯია.


კომისია ვერ იზრდება, რადგან სხვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა პროცესში ჩართვაზე; ხოლო კანონის მიერ განსაზღვრული პროპორციის შესაბამისად, კომისიას ვეღარც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაემატებიან.


რის დადგენას აპირებს ოთხი დეპუტატის კომისია? რამდენად რელევანტურია არჩევნების შედეგების შესწავლა დღეს, როცა არჩევნების შემდეგ დიდი დრო გავიდა? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.


 




 


შესაძლებელია თუ არა, საქართველომ ვაქცინები სხვა ქვეყნებისგან დონაციის გზით მიიღოს?



საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ ქვეყანას აქვს კარგი შანსი, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებითი დოზების მობილიზება მოახდინოს დონაციის პროგრამებით როგორც აშშ-დან, ისე ევროკავშირიდან.


იმუნიზაციის საბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა გაბუნიას ჰკითხეს, აწარმოებს თუ არა საქართველო დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აშშ-თან, რომელიც აპირებს მსოფლიოს ქვეყნებს გაუგზავნოს ამერიკული და, ასევე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინების, საერთო ჯამში, 80 მილიონი დოზა.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ხანია დიპლომატიურ დონეზე თანამშრომლობს როგორც აშშ-თან, ასევე, ევროპულ ქვეყნებთან დონაციისა და ვაქცინების გაზიარების საკითხში: „კონკრეტულად რა წილი შეიძლება საქართველომ მიიღოს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ამაზე დეტალები უნდა დაზუსტდეს“.


უკვე ცნობილია, რომ ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა ვაქცინას აჩუქებს. სხვადასხვა ქვეყნისთვის 20 მილიონი დოზა ვაქცინის დონაციის სურვილი გუშინ აშშ-მაც გამოთქვა.


წაიკითხე მეტი.


 




 


ოკუპირებულ აფხაზეთს გერმანიის საელჩომ 46 000 ევროს ღირებულების სამედიცინო დახმარება გადასცა



გერმანიის საელჩომ საქართველოში კოვიდ-19-თან საბრძოლველად სამედიცინო დაწესებულებებს სოხუმსა და გუდაუთაში 46 000 ევროს ღირებულების სამედიცინო დახმარება გადასცა. საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დახმარების მიზანია, გაუმჯობესდეს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობები, მკურნალობა და სამედიცინო პერსონალის დაცვა.


საელჩოს ცნობით, დახმარებაში შედის გენერატორები, ჟანგბადის კონცენტრატორები, ულტრაიისფერი ნათურები, პულსოქსიმეტრები, სწრაფი ტესტები, დამცავი ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები.


წაიკითხე მეტი.


 




 


პარიზში გაიმართა გენერალ გიორგი კვინიტაძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი



18 მაისს პარიზში წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღოლმა არჩილ დავრიშაშვილმა ჩაატარა საქართველოს ჯარების ყოფილი მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. საფრანგეთის ქართული ემიგრაცია გამოემშვიდობა გენერალს, რომლის ნეშტს საქართველოში გადაასვენებენ.


საქართველოში ჩამოვლენ კვინიტაძის შთამომავლები, რომლებიც გენერლის ქამარ-ხანჯალს გადასცემენ საქართველოს სახელმწიფოს.


24-25 მაისს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალი გიორგი კვინიტაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში.


გენერალი გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს ბოლო მთავარსარდალი, რომელიც პირველი რესპუბლიკის ჯარს ხელმძღვანელობდა 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში.


 




 


იცით, რა არის გრგ და რატომ თვლიან მესაკუთრეები, რომ ის მათ უფლებებს ართმევს?



თბილისი მერმა კახა კალაძემ 18 მაისს მერიის ოთხწლიანი ანგარიში წარადგინა და ილაპარაკა იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გაატარა. თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად იმას მიიჩნევს, რომ ქალაქის ქაოსური განაშენიანება შეაჩერა. პრეზენტაციის ეს ნაწილი ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა და აღნიშნა:



„გაუნაშენიანებელ, დაუსახლებელ და ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ ტერიტორიებზე მუნიციპალიტეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს მშენებლობის ნებართვას, თუ ხდება მისი სათანადოდ გეგმარება“.



ეს ნიშნავს, რომ დედაქალაქის საზღვრის პირას, ცარიელ ადგილზე, ნებისმიერი ნაგებობის აშენებას განაშენიანების რეგულირების გეგმა სჭირდება. ამ გეგმის წარდგენის ტვირთი მშენებელზეა - მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს მსხვილი დეველოპერი თუ კერძო პირი.



მერიამ ასეთი მშენებლობის 11 არეალი გამოკვეთა, მათ შორის, ლისის ტბის ტერიტორია. ცოტა ხნის წინ აქ მასშტაბური მშენებლობა დაიგეგმა - 418 000 კვადრატულ მეტრზე ახალი საცხოვრებელი უბანი, „ლისი ტოპოგრაფი“ შენდება, რომლის განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე დამტკიცდა. კომპლექსი მოიცავს 244 ნაკვეთს, 5 პარკს, 3 საფეხბურთო, საჩოგბურთო და საკალათბურთო მოედანს და 9 364 კვადრატული მეტრის კომერციულ ფართს. პროექტი ღობით იქნება შემოსაზღვრული.


აქვე, სამი კილომეტრის მოშორებით, სოფელ ლისის მახლობლად, ათობით მცხოვრები წლების განმავლობაში ცდილობს საკუთარ ნაკვეთებში მშენებლობის ნებართვა მოიპოვოს, რომ ორსართულიანი სახლი აიშენოს. პრობლემას სწორედ განაშენიანების რეგულირების გეგმა, ანუ გრგ, ქმნის.


რა არის განაშენიანების გეგმა? წაიკითხე ვრცლად თამუნა ჩქარეულის სტატიაში.


 




 




 




 




 


ვაქცინაციის წინააღმდეგ მითებს ყოველთვის ქმნიდნენ, თუმცა სოციალური ქსელების პოპულარობამ გაზარდა ფეიკნიუსებისა და ჭორების მასშტაბები. შესაბამისად, გაძლიერდა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ შიში, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს: კოვიდის ვირუსი ბოლომდე შეუსწავლელია, მეცნიერების პოზიცია ვირუსის და ვაქცინების მიმართ განუწყვეტლივ იცვლება.


და მაინც, ყველაზე ხშირად რატომ ამბობენ უარს აცრაზე და რამდენად საშიშია ანტივაქსერების პოზიცია პანდემიის ეპოქაში? ამ კითხვებზე ბიოლოგი და ტელეწამყვანი ლევან ბუთხუზი გვიპასუხებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Зверев

"Хоть здесь я впереди": Зверев пошутил над Синнером после поражения в финале АО






Взаимозаменяемость персонала — золотой ключ эффективности или хаос?

Ефимов: С 2020 года в ТиНАО построены четыре поликлиники за счет бюджета

Политика: Абхазские избиратели попросили Сухум учесть размеры России

Ушел из жизни актер и медиаменеджер Игорь Янковский