“რასაც ქალბატონი ეკა დადის და შეხვედრები აქვს, სავარაუდოდ კოვიდიანებთანაც, რომ არ დამართნოდა ეს იქნებოდა გასაკვირი”
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა.
მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძეს იმდენი შეხვედრები ჰქონდა დღის განმავლობაში, გასაკვირიც იქნებოდა, რომ არ დაინფიცირებულიყო.
„ის, რომ ეკატერინე ტიკარაძეს დაემართა კოვიდი, ნორმალურია. რასაც ქალბატონი ეკა დადის და შეხვედრები აქვს, სავარაუდოდ კოვიდიანებთანაც, რომ არ დამართნოდა ეს იქნებოდა გასაკვირი. ხუმრობით ვთქვი, რომ სადღაც ეს კარგია, ვინაიდან მიუთითებს მინისტრის ძალიან სერიოზულ სოციალურ აქტიურობას. ის, ვინც ჯარში მოწინავე პოზიციებზე იბრძვის, მათ შორის ხელმძღვანელები, ოფიცრები, გენერლები და თუ ის დაიჭრა ომში, მას ეს ეთვლება პლუსად და არა მინუსად, რომ ის ომში დაიჭრა.
იგივეა, როდესაც კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები ავადდებიან ზოგჯერ, ეს მათთვის პლუსია და არა მინუსი. ქალბატონ ეკას რომ ჰქონოდა ორი აცრა, შეიძლება ეს არ დამართნოდა“. – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი 1 ივნისს დაუდასტურდა.