მთავრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას აპირებს
„გვაქვს გეგმა, რომ შევიმუშაოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაც. საწყის ეტაპზე შეიქმნება გალის და ახალგორის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია. უზრუნველყოფილი იქნება რეგულარული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სპეციალურად შექმნილი ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის პრიორიტეტია ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება.
ამ კვირაში, საქართველოს მთავრობამ კომისია შექმნა დეოკუპაციის ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად. კომისიის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მათი ამბიცია და მიზანია, შეიქმნას საერთო-ეროვნული პროცესი და შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.
ოკუპირებულ რეგიონებში უსარგებლო და უაზრო უწოდეს თბილისის ახალ ინიციატივას.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას შესაძლოა მხოლოდ „საქართველოს შიგნით ჰქონდეს ხანმოკლე პროპაგანდისტული ეფექტი“.