სასამართლო განაჩენს გამოუცხადებს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ დერეკ შოვინს
45 წლის შოვინი ორი თვის წინ ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით.
მოსამართლე პიტერ კეიჰილი განაჩენს გამოაცხადებს მინესოტის დედაქალაქ მინეაპოლისში, სადაც მოხდა ბოროტმოქმედება 2020 წლის მაისში.
მინესოტის კანონით, შოვინს მიესჯება სამიდან მხოლოდ ერთი - ყველაზე მძიმე სასჯელი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის, ვინაიდან მის წინააღმდეგ აღძრული ყველა სარჩელი ერთ ქმედებას უკავშირდება.
მას მინიმუმ 12,5 და მაქსიმუმ 30 წლით პატიმრობა ემუქრება. ბრალდება მაქსიმუმს ითხოვს.
განაჩენის გამოცხადებამდე ორივე მხარის ადვოკატები მოკლედ წარმოადგენენ საკუთარ პოზიციებს. განცხადებით შეიძლება გამოვიდნენ მსხვერპლის ოჯახის წევრები, სასამართლოს შეიძლება მიმართოს შოვინმაც.
შოვინი ჯერ არ გამოსულა სიტყვით სასამართლოს წინაშე ამ საქმეში. საქმეში მთავარი მტკიცებულებაა ვიდეოფირი, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს შოვინი ფლოიდს ყელზე მუხლის დაჭერით. ფლოიდმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ვეღარ სუნთქავდა.