სოფო მამალაძე: ჩემთვის არაფერია იმაზე საინტერესო, ვიდრე საქართველოს ფეხით შემოვლა და დათვალიერება-დახატვა
დღეს, გალერეა შარდენში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტის, სოფო მამალაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. “გაცვლითი პროგრამით მოვხვდი პარიზის ხელოვნების უმაღლეს სამხატვრო სკოლაში 4 თვიანი სრული დაფინანსებით. თუმცა არაფერი გამოვიდოდასოფო კინწურაშვილის, თამაზ ვარვარიძისა და მაია ყიფიანის გარეშე. უღრმესი მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის და არა მარტო” – წერს, 19 წლის სოფო მამალაძე სოციალურ ქსელში.
ჩვენ, სოფო მამალაძე რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
ნ.ჩ. – დღეს, გალერეა შარდენში თქვენი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა – თქვენი ემოცია
სოფო მამალაძე – დიახ დღეს გაიხსნა პირველი პერსონალური გამოფენა და მეგონა რომ თავიდან დავიბადე. ზოგადად, მგონია, რომ ხელოვანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოფენა და სახლოსნოს გარეთ ნამუშევრების “გასეირნება”. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღევანდელი საღამო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ტკბილი მოგონება იქნება.
ნ.ჩ. – ბავშვობაში ძერწავდით და შემდეგ, მშობლის ინიციატივით, სამხატვრო სტუდიაში დაიწყეთ სიარული…ხომ არ ფიქრობთ, რომ ძერწვას კვლავ დაუბრუნდებით?
სოფო მამალაძე – რამდენჯერმე ისევ გამოვძერწე … თუმცა ხატვაზე დიდი სიამოვნება და ცეცხლოვანი “ბრძოლა” შედეგისთვის მგონია, რომ არ არსებობს.
ნ.ჩ. – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ შთაგონების წყარო თქვენთვის არის ადამიანი…ეს ჩანს კიდეც თქვენს ნახატებში, რა თვისებას აფასებთ ადამიანში?
სოფო მამალაძე – ერთადერთ თვისებას, რომელსაც ყოველთვის ხაზგასმით ვაკვირდები არის გულწრფელობა. გულწრფელობის გარეშე არც ურთიერთობა არსებობს და არც ადამიანი ჩემთვის.
ნ.ჩ. – და ბოლოს – მჯერა პარიზი იქნება თქვენი შემოქმედების ახალი შთაგონება…
სოფო მამალაძე – ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ პარიზთან დაკავშირებით და მინდა რომ ახალი თვისებები აღმოვაჩინო ჩემში. მგონია, რომ დიდი გარდატეხა მოხდება ჩემში, თუმცა ჩემთვის არაფერია იმაზე საინტერესო, ვიდრე საქართველოს ფეხით შემოვლა და დათვალიერება-დახატვა. სწორედ ამიტომ საფრანგეთის შემდეგ აუცილებლად, პირველ რიგში, გავაგრძელებ ჩემს საქართველოში მოგზაურობას და ასევე ჩემი თავის ძიებას.