არსებობს ევროპული სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულს ჩადის, აღარ რჩება პოლიტიკაში – მგონი, საქართველო სათანადოდ არის განვითარებული, რომ ეს ელემენტარული სტანდარტი დავამკვიდროთ
როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ა.შ. მხილებულები არიან ქურდობა – წამება – ყაჩაღობაში, ტერიტორიების და მედიის მიტაცებასა და ბიზნესის რეკეტში და კიდევ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, ასეთ დროს ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია. ეს მარტივი ლოგიკაა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.
როგორც კობახიძე განმარტავს, კრიმინალი პოლიტიკაში არ უნდა დარჩეს.
„სასამართლო ადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილი კრიმინალია. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება არამარტო სათანადო შეფასება, არამედ რეაგირება. როდესაც სასამართლო ადგენს, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი პოლიტიკური ნაბიჯი, მათ შორის, ისიც, რომ კრიმინალი პოლიტიკაში არ უნდა დარჩეს.
არსებობს უმარტივესი ევროპული პოლიტიკური სტანდარტი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკოსი, რომელიც დანაშაულს ჩადის, აღარ რჩება პოლიტიკაში. მგონი, საქართველო სათანადოდ არის განვითარებული დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე იმისთვის, რომ ეს ელემენტარული ევროპული სტანდარტი დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში.
როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ასე შემდეგ მხილებულები არიან ქურდობა – წამება – ყაჩაღობაში, ტერიტორიების და მედიის მიტაცებასა და ბიზნესის რეკეტში და კიდევ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, ასეთ დროს ბუნებრივია შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია. ეს მარტივი ლოგიკაა“, – აღნიშნავს კობახიძე.