“მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ”
საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მისწძვრა მოხდა. “დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის” ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე საათში მოსალოდნელია შედარებით მცირე სიმძლავრის ბიძგები, ე.წ. აფთერშოკები, ვინაიდან თავდაპირველი მიწისძვრა ძლიერ მიწისძვრათა კლასს მიეკუთვნებოდა.
აღსანიშანვია, რომ აღნიშნული მიწისიძვრის ეპიცენტრიც, როგორც ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთის შემთხვევაში, სოფელი სამება იყო.
გახშირდა თუ არა რეალურად მიწისძვრები ჯავახეთის ზეგანზე და აქვს თუ არა სიმშვიდის საფუძველი ეპიცენტრის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას? – ამ კითხვებით მივმართეთ ილიაუნის პროფესორს, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს
“ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ჯავახეთის ზეგანის აქტიური სეისმურობა გამოწვეულია კონკრეტული ტექტონიკური პროცესებით. კერძოდ, არაბეთის ნახევარკუნძულის ფილა ეჯახება ევრაზიის ფილას, ჩვენ კი ამ კონტინენტური შეჯახების ზოლში ვართ მოქცეული. ამ პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ რეგიონისთვის ძირითადად დამახასიათებელია საშუალო სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც პერიოდულად ხშირდება ხოლმე და შემდეგ ისევ იკლებს. წესით, უხალოეს მომავალში, ეს დინამიკა შენარჩუნდება და მნიშვნელოვან ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“, – ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი. რამდენად საშიშია ჯავახეთის ზეგანზე მომხდარი მიწისძვრების ბოლო პერიოდის დინამიკა ეპიცენტრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის? – ამ კითხვაზე სეისმოლოგს ერთადერთი პასუხი აქვს – “მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ”. ზურაბ ჯავახიშვილის პროგნოზით, რეგიონში მიწისძვრები ისევ გაგრძელდება.
