გიული ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს?
![გიული ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს?](https://gdb.rferl.org/040e0000-0aff-0242-1acd-08da33f648e9_cx0_cy11_cw0_w800_h450.jpg)
ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დედა თვლის, რომ "ვივამედში" მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება არასაკმარისია და გაძლებას უფრო ემსახურება, ვიდრე განკურნებას. გიული ალასანიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი კლინიკასი მონახულების შემდეგ გააკეთა მედიასთან განცხადება. მან თქვა, რომ სააკაშვილს ძირითადად წოლითი რეჟიმი აქვს სისუსტის გამო.
"როგორც ყოველთვის, სუსტად არის და ზუსტად ვიცი, რომ ეს ძალიან დიდხანს ვერ გაგრძელდება. როდემდე შეიძლება ეს გადასხმები უკეთონ ადამიანს, რომელიც საკვებს ვერ იღებს? ამიტომ რაღაცა გადაწყვეტილება ალბათ უნდა მიიღონ, შველას ითხოვს ადამიანი.
ეს მაინც არ არის მკურნალობა, ჩემი აზრით. ეს არის უბრალოდ რაღაც რომ გააძლებინო, მაგრამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ექიმები უნდა დასხდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება. ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ეს უნდა გადაჭრან ექიმებმა. გამოსავალს ვხედავ მკურნალობაში და მკურნალობა, როგორც ჩანს, ვერ ხდება, არ ხდება. რაღაც ისეთი მდგომარეობა არის, რომ უცხოური კლინიკებისთვისაც რთული ამოცანაა. როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებული კლინიკა უნდა გამოიძებნოს, სადაც მოათავსებენ და შეიძლება კიდევ რაღაცა ეშველოს," - განაცხადა ალასანიამ. ის ასევე, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არც ერთი ისეთი დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება.
გიული ალასანიას თქმით, პრობლემებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, უფრო ექიმები სჭირდება და არა იურისტები.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.