საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საკორინთლოსა და დვანშიც გააქტიურდნენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში კი საოკუპაციო ღობის მიღმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. ადგილზე ტრაქტორი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა და ოკუპაციის ხაზს მიღმა საკმაოდ განიერ ხნულს ავლებდა. ოსური მხარის მტკიცებით, ეს ხნულები იმისთვისაა, რომ ზაფხულის სეზონზე ყანებში ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუშალოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკორინთლოსა და დვანში განახლებული ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ მცირე ცნობა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და საქმის კურსში უკვე ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სუს-მა რეგიონში გააქტიურებულ ე..წ ბორდერიზაციის პროცესს უფრო ვრცელი განცხადება მიუძღვნა კვირას, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სათვალთვალო კოშკურებს ამონტაჟებდნენ.
სოფელ ხურვალეთის მიმდებარე მცირე მთა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიკავეს. ამ ფერდობზე არის სოფლის სასაფლაო, რომელიც ამჟამად ორ ნაწილად არის გაყოფილი. ფერდობზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებიც დამონტაჟებულია, მაგრამ ხურვალეთელების თქმით, ამ ბანერების ქვემოთ, სოფლის სიღრმეში ეკლესიამდე, შეიარაღებული ჯარისკაცები ხშირად ჩამოდიან.
სუს-მა პირობა დადო, რომ ერგნეთის მომდევნო შეხვედრაზე, რეგიონში გააქტიურებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს მკაცრი რეაქცია მოჰყვება. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება, მანამდე მხარეები კონსულტაციებს ცხელი ხაზის მეშვეობით გააგრძელებენ.
