სასარგებლო შესაძლოა სასურველიც იყოს – ჯანსაღი კვების დადებითი თვისებები
ჯანსაღი კვება ადამიანის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მასზეა დამოკიდებული როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობა, პროდუქტიულობა, აზროვნება და შესაძლოა მომავალიც კი, რადგან განწყობას შინაგანი ჰარმონია და სიჯანსაღე ქმნის, რაც სწორედ ჩვენი ყოველდღიური ქცევებით და ჩვევებით განისაზღვრება.
ხშირად ჯანსაღ ცხოვრების წესზე უარს ვამბობთ. მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს, დატვირთული გრაფიკი, ცხოვრებისეული პრობლემები, სტრესული სიტუაციები ან უბრალოდ მავნე ჩვევების მიმართ დამოკიდებულება. ზოგ ადამიანს ჯანსაღი კვება მოსაწყენად ეჩვენება და თვლის, რომ ამის გამო სიამოვნებაზე უარის თქმა არ ღირს. თუმცა თუ კარგად დავუკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ არსებობს ძალიან ბევრი გემრიელი საკვები, რომლებსაც დადებითი თვისებებიც აქვს, შესაბამისად, მათი მიღება სასიამოვნოცაა და სასარგებლოც.
მაგალითად ავიღოთ მარწყვი, გამორჩეულად წვნიანი და ტკბილი პროდუქტი. იგი C ვიტამინის, მანგანუმის, ფოლიუმისა და კალიუმის, ასევე სხვადასხვა ანტიოქსიდანტებისა და მცენარეული ნაერთების შესანიშნავი წყაროა. მაწრყვის მიღება ხელს უწყობს გულის მუშაობის გაუმჯობესებას, სისხლში შაქრის დონის დაბალანსებას და კიბოს პრევენციასაც კი.
ასევე მეციერულად დადასტურებულია შავი შოკოლადის დადებითი გავლენაც ჩვენს ჯანმრთელობაზე. მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ შავი შოკოლადი წარმოუდგენლად ჯანსაღია და შესაძლოა შეამციროს რამდენიმე დაავადების რისკი. ის დატვირთულია ისეთი მინერალებით, როგორიცაა რკინა, მაგნიუმი, სპილენძი და მანგანუმი. შავი შოკოლადის მცენარეული ნაერთები აუმჯობესებს არტერიულ წნევას და ტვინის ფუნქციას, ასევე იცავს გულის დაავადებებისგან და მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.
მართალია, ეს სადავო საკითხია, თუმცა ბევრი ადამიანი მიიჩნევს ყველს ერთ-ერთ უგემრიელეს საკვებად. ეს პროდუქტი გაჯერებულია რამდენიმე ვიტამინითა და მინერალით. მაგალითად მასში შედის კალციუმი, ვიტამინი B12, ფოსფორი, სელენი და თუთია. ყველი და სხვა რძის პროდუქტები დაკავშირებულია ძვლების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან და შეიძლება დამცველობითი ეფექტი ჰქონდეს ოსტეოპოროზისგან. ასევე, როგორც მაღალი ცილოვანი საკვები, ყველი შეიძლება ხელს უწყობდეს არტერიული წნევის დაქვეითებას და მინერალების შეწოვის გაზრდას.
იოგურტი არის ფერმენტირებული რძის პროდუქტი, რომელიც გემრიელიც არის და ჯანსაღიც. შეიცავს მაღალი ხარისხის ცილებს და ცხიმებს, ასევე კალციუმს და რამდენიმე ვიტამინს. იოგურტის მიღება ასოცირდება როგორც ძვლების ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, ასევე არტერიული წნევის შემცირებასთან. თუმცა, აუცილებლად მოერიდეთ შაქრით დატვირთულ იოგურტებს. ამის ნაცვლად, იყიდეთ ნატურალური და დაამატეთ ხილი, კენკრა ან მუსლი მეტი გემოსა და ხრაშუნა ტექსტურისთვის.
ბოლოს აუცილებლად უნდა აღინიშნოს არაქისის კარაქის დადებითი თვისებებიც. ეს არის უჯერი ცხიმოვანი მჟავების, ცილების და ბოჭკოების შესანიშნავი წყარო. არაქისი ასევე მრავალ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. მათ შორისაა B ჯგუფის ვიტამინები, სპილენძი, მანგანუმი, ვიტამინი E, ფოსფორი და მაგნიუმი. მიუხედავად იმისა, რომ არაქისი ბევრ ცხიმსა და კალორიას შეციცავს, არ არის კავშირში წონის მატებასთან, სინამდვილეში, იგი ამცირებს ამ რისკს. თუმცა ეს გარანტიას ვერ მოგცემთ, ამიტომ შეეცადეთ ზომიერად შეაფასოთ თქვენი პორციები, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი კალორიების მიღება. ჭარბი რაოდენობით, რა თქმა უნდა, არც ერთი პროდუქტის მოხმარება არ არის სასურველი. არაქისს ასევე ძალიან უხდება ბანანის და ვაშლის ნაჭრები.
ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა, რომელთა მიღებაც თქვენს ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს და ამას გარდა არ შეგიქმნით არასასურველ გემოსთან დაკავშრებულ დისკომფორტს. ამიტომ ეცადეთ დაიცვათ ბალანსი და მიიღოთ, როგორც სასურველი, ისე სასარგებლო საკვები.
წყარო: healthline.com