კარლ ჰარცელი საუბრობს, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია
"ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე. მიზანია გადაჭარბებული ზეგავლენის და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. მსგავსი პრიორიტეტი განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვასთვის, რადგანაც ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი.
იმისთვის, რომ საქართველოში იყოს გამართული დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია ყველა ემორჩილებოდეს ერთსა და იმავე წესებს, რაც გარანტირებულია ძლიერი ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ზედმეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარევის გარეშე, თავიანთ უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის საფუძველზე. ეს არის ძირითადი აზრი.
სამოქალაქო საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ თავად შეიმუშავა გეგმა, სადაც ვნახე, რომ ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ კომისიის სხვა 11 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას, რაც, ვფიქრობ, კარგი დაკვირვების შედეგია, მართებულია და საწყისი წერტილია ამ საკითხის შემდგომი განხილვისთვის", - ამბობს კარლ ჰარცელი.
ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს. ევროკომისიის პირობებს შორის იყო სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამ საკითხზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.