IAEA: ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს კვლავ საავარიო გენერატორით მიეწოდება ელექტროენერგია
![IAEA: ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს კვლავ საავარიო გენერატორით მიეწოდება ელექტროენერგია](https://gdb.rferl.org/04210000-0aff-0242-dce5-08daa6910f99_w800_h450.jpg)
გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იტყობინება, რომ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გამორთულია საერთო ენერგომოხმარების ქსელიდან და ელექტროენერგია მიეწოდება კვლავ საავარიო გენერატორების საშუალებით. სააგენტო ამის მიზეზს ვერ ასახელებს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნა, რომ შეიქმნას უსაფრთხოების ზონა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო.
რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მან თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბირთვული კატასტროფა. პუტინმა მას მიუგო, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის.
სააგენტო „RIA-ს“ ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ უსაფრთხოების ზონა მხოლოდ მაშინ შეიძლება შეიქმნას, როცა ფრონტის ხაზი სადგურიდან ას კილომეტრზე მეტად იქნება დაშორებული, რაც ჯერ არ არის.
რაფაელ გროსი გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა კიევში. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია მათი კიდევ ერთი შეხვედრა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია, საგანგებო ყურადღების ცენტრშია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ელექტროსადგური მარტის დამდეგს ჩაიგდეს ხელში რუსეთის ჯარებმა. მას უკრაინის პერსონალი მართავს. სადგური ახლოსაა ფრონტის ხაზთან და მისთვის არაერთხელ დაუშენიათ ცეცხლი. აეს-ი სერიოზულად არ დაზიანებულა, მაგრამ კვლავაც ბადებს ბირთვული კატასტროფის შესაძლებლობის შიშს.
კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ ელექტროსადგურის დაბომბვაში. გროსი აგვისტოში ხელმძღვანელობდა IAEA-ის მისიას, რომელმაც ელექტროსადგური მოინახულა.