ფსბ-მ ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი უკრაინელი დააკავა
![ფსბ-მ ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი უკრაინელი დააკავა](https://gdb.rferl.org/31D7C6BE-5D60-4471-A4E5-C482C19306F2_w800_h450.jpg)
12 ოქტომბერს დილით ფსბ-მ ბრიანსკისა და მოსკოვის ოლქებში დააკავა ორი უკრაინელი, რომლებიც ამ ორი რეგიონის ტერიტორიებზე ტერაქტების მოწყობის მზადებაში არიან ეჭვმიტანილი. უწყება ორივე დაკავებულს აკავშირებს უკრაინის უშიშროების სამსახურთან.
ფსბ-ს მტკიცებით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ტერაქტს ამზადებდა ბრიანსკში, სატრანსპორტო ტერმინალში. ის რუსეთში კიევიდან ჩავიდა ესტონეთის გავლით, იპოვა ასაფეთქებელი მოწყობილობების ნაწილები (ამ ინფორმაციის თანახმად, ისინი უკრაინის სპეცსამსახურებმა საზღვრისპირა ტერიტორიებზე გადამალეს), სპეციალისტის კონტროლქვეშ ააწყო თვითნაკეთი ბომბი და შეისწავლა მისი განთავსების საშუალებები, იტყობინება RBC ფსბ-ზე დაყრდნობით.
ფსბ-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა მოინანია და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მომზადებისა და ასაფეთქებელი საშუალებების უკანონოდ შეძენის მუხლებით. დაკავებული უკრაინელი ორი თვით დააპატიმრეს, მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეორე უკრაინელი დააკავეს მოსკოვის ოლქში. ფსბ-ს ცნობით, ის ტერაქტის მოწყობას გეგმავდა რეგიონის ტერიტორიაზე, რისთვისაც კიევიდან ჩაიტანა ორი პერსონალური საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „იგლა“. დაკავებულმა აღიარა დანაშაული, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იარაღის უკანონოდ შეძენის მუხლით, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში თავი შეიკავეს კომენტარისგან ფსბ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
დღესვე რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში დააკავეს რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე და დაადგინეს თანამონაწილეებიც, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს, მაგრამ მის აფეთქებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.