პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ლაღიძის ქუჩაზე ხელყუმბარით დაჭრა სამი ადამიანი
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაღიძის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, აფეთქება 22 ოქტომბერს დაახლოებით 11:30 საათისთვის მოხდა.
"რა აფეთქდა არ ვიცით. დაჭრილი იყო ერთი ადამიანი, სულ სისხლი სდიოდა", - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
