რუსეთის ჯარი განაგრძობს უკან დახევას ხერსონის ოლქის დასავლეთში
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთები ემზადებიან მოწინააღმდეგის შეკავებისათვის: ნოვა კახოვკას საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ კაშხლის ჩამონგრევის რისკის გამო კახოვკის წყალსაცავმა გაზარდა წყლის ხარჯის მოცულობა. ISW-მ არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა უკან დახევის დროს შეიძლება ააფეთქონ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რაც გამოიწვევს რეგიონის დიდი ნაწილის დატბორვას.
22 ოქტომბერს საოკუპაციო ხელისუფლებამ ხერსონის ყველა მაცხოვრებელს უბრძანა დაეტოვებინა ქალაქი - "ფრონტზე დაძაბული სიტუაციის, ქალაქის მასობრივი დაბომბვისა და ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო". ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისას, რუსეთი ცდილობს დატოვოს სოფლები და ქალაქები მოსახლეობის გარეშე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს უკრაინის მიერ გათავისუფლებული რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ პოტენციალზე.
გარდა ამისა, ინსტიტუტის ექსპერტები წერენ, რომ რუსეთის მასობრივი დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რაც ორი კვირაა გრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენას მოახდენენ უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებაზე, მაგრამ ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მზარდ საფრთხეს წარმოადგენენ სიცივეების დაწყების გათვალისწინებით.
