საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე აფთიაქებმა ფასი ხელოვნურად გაზარდეს - სამინისტრო
სამინისტრო აცხადებს, რომ რიგ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე აფთიაქებმა ფასი გააოთხმაგეს. სამინისტრო ჩამოთვლის ამ მედიკამენტების დასახელებებს და მათი ფასის სხვაობას ფარმაცევტული კომპანიების მიხედვით:
აფინიტორი (პსპ ფარმა) - ფასი თებერვალში 753₾, მარტში - 2970₾ . სხვაობა 294%;
კასოდექსი (პსპ ფარმა) - ფასი თებერვალში 35₾, მარტში - 94₾. სხვაობა 167%;
ვოტრიენტი (პსპ ფარმა) - ფასი თებერვალში 585₾, მარტში - 1530ლ. სხვაობა 162%;
იქსგევა (შპს მერმისი) - ფასი თებერვალში 400₾, მარტში - 840₾. სხვაობა - 110%;
ტაფინლარი (პსპ ფარმა) - ფასი თებერვალში 2142₾, მარტში - 3960₾. სხვაობა 85%;
ტემოზოლომიდი აკორდი (გეფა, ფარმადეპო, ჯიპისი) - ფასი თებერვალში 109₾, მარტში - 201₾. სხვაობა 85%;
ჯაკავი (ავერსი-ფარმა) - ფასი თებერვალში 2464₾, მარტში - 3920₾. სხვაობა 59%.
უწყების ცნობით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.
"წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.
ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო", - აცხადებენ უწყებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი, ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ.
რადიო თავისუფლება ცდილობს, ფარმაცევტული კომპანიებისგან მიიღოს საპასუხო კომენტარი მედიკამენტების ფასების ცვლილებაზე. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.
