44 ევროპარლამენტარი საქართველოს მოუწოდებს, გადაიყვანონ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გათვალისწინებით მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ ემპათიურ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: გადაიყვანოთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარების მიღებას.
როგორც ევროპარლამენტის წევრები, ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც აღიარებს თითოეული ადამიანის ღირსებას. ჩვენ ველით, დათქმების გარეშე, ევროკავშირის წევრმა და კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ თავიანთი ურყევი ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებებისადმი.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ადამიანური თანაგრძნობისა და ნებისმიერი ინდივიდისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების ბაზისურ უფლებებისადმი თანაბრად ურყევი ერთგულების დემონსტრირებას" - ნათქვამია წერილში და გამოთქმულია იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება საჭირო ნაბიჯებს გადადგამს სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ ბოლოს საკუთარ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვისას ნახა 3 ივნისს - ამ კადრების გავრცელების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს" და უკრაინაში საქართველოს ელჩს მოთხოვა დაეტოვებინა ქვეყანა 48 საათის განმავლობაში.
სააკაშვილი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ 12 ივლისს კლინიკა ვივამედში მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა.
