კამალა ჰარისმა და ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს
სტივენ ჩუნგმა, ტრამპის კამპანიის სპიკერმა, კანდიდატების საუბარს „გულწრფელი“ უწოდა. „პრეზიდენტმა ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს მისი სიძლიერის, პროფესიონალიზმისა და გამძლეობისთვის მთელი კამპანიის განმავლობაში და ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანება“, - თქვა მან განცხადებაში. მანამდე საუბრის ფაქტი CBS-ისა და CNN-ის წყაროებმა დაადასტურეს.
მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს მოგვიანებით ჰარისი სიტყვით გამოვა არჩევნებში დამარცხების შესახებ. ის აპირებს, მოუწოდოს თავის მხარდამჭერებს, ტრამპის ამომრჩევლებთან იპოვონ „საერთო საფუძველი“, რათა ერთად იმუშაონ ქვეყნის სასიკეთოდ.
აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ასევე დაურეკა ტრამპს. ის აპირებს, მალე ტრამპს თეთრ სახლში უმასპინძლოს და ძალაუფლების გადაცემაზე იმსჯელოს. NBC-ის ცნობით, ბაიდენი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასაც დაესწრება. როდესაც ბაიდენმა 2020 წელს ტრამპის პოსტი დაიკავა, ტრამპს არც ერთი ეს არ გააკეთა.
დონალდ ტრამპმა 5 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კოლეგიის 294 ხმით გაიმარჯვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მოიპოვა 223 საარჩევნო ხმა, ანუ 47,4%. ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება, მაგრამ მხოლოდ მცირე პროცენტი რჩება დასათვლელი, რაც შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. ბევრმა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა უკვე მიულოცა ტრამპს არჩევა.