ზელენსკი: ყირიმის დაბრუნება დიპლომატიური გზით შეიძლება
შეკითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა ომის დასასრულებლად უარი თქვას კონკრეტულად ყირიმზე, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას არ შეუძლია ყირიმის დასაბრუნებლად ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გაწიროს, ამიტომ ესმით, რომ ყირიმის დაბრუნება დიპლომატიური გზით შეიძლება.
Fox News-ი მიჩნეულია აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის, განსაკუთრებით კონსერვატორი რესპუბლიკელების მხარდამჭერ ტელეკომპანიად.
შეერთებული შტატების 74-ე პრეზიდენტად არჩეულმა რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ამ ტელეარხის წამყვანის, პიტ ჰეგსეთის კანდიდატურა წარადგინა.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.