ICC-მ ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავების ორდერი გამოსცა
როგორც სასამართლოს შეტყობინებაშია ნათქვამი, მისმა წინასასამართლო პალატამ დაადგინა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაციის დროს, ნეთანიაჰუმ და გალანტმა გამიზნულად და განზრახ დატოვეს ღაზის სამოქალაქო მოსახლეობა გადარჩენისთვის საჭირო ნივთების, მათ შორის საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მარაგის, ასევე საწვავისა და ელექტროენერგიის გარეშე. (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული.)
სასამართლოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაეროსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების არაერთი მიმართვის მიუხედავად, ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შეზღუდა, რამაც სასამართლოს საშუალება მისცა, მათთვის წაეყენებინა ბრალდება შიმშილის, როგორც ომის საშუალების, გამოყენების შესახებ. ასევე არსებობს ცნობები, სულ მცირე, ორ შემთხვევაზე, რომლებსაც წინასასამართლო პალატა განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ თავდასხმებს ღაზის სამოქალაქო მოსახლეობაზე.
ჰააგის სასამართლოს ისრაელის მაღალჩინოსნებისა და ასევე ჰამასის ლიდერების დაპატიმრების ორდერების გაცემა მანამდე პროკურორმა კარიმ ხანმა სთხოვა.
20 მაისს გახდა ცნობილი, რომ ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა. ამასთან, სასამართლომ მოითხოვა დაპატიმრების ორდერი პალესტინური დაჯგუფება ჰამასის სამი ლიდერისთვის: იაჰია სინვარისთვის, მუჰამედ დეიფისა და ისმაილ ჰანიესთვის.
მას შემდეგ სამივე ლიდერი დაიღუპა ისრაელის სამხედრო დარტყმების შედეგად.
ისრაელი და შეერთებული შტატები, ისევე როგორც ისრაელის სხვა მოკავშირეები, მრავალი მიზეზის გამო ეწინააღმდეგებიან ICC-ის იურისდიქციას ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა ICC-ის ჩარევას ისრაელთან დაკავშირებით.
არც ისრაელი და არც შეერთებული შტატები არ აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას.