პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ არიან მოწვეული - პაპუაშვილი
„გუშინწინ დავაგზავნე მოწვევები. პირველ სხდომაზე მოწვეულნი არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულნი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ეს არის „შიდასახელმწიფოებრივი საკითხი“ და „უცხოეთის გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის“. მან ისაუბრა ასევე არჩევნებში „უცხოეთის ჩარევაზე“.
„ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გახლავთ ქვეყნის საქმეები... ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა“, - განაცხადა მან.
შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებს - უნგრეთის გამოკლებით - „ქართული ოცნებისათვის“ არ მიულოცავთ არჩევნებში გამარჯვება.
პრეზიდენტი და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.
ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერმა გიორგი გახარიამ წინა დღეს უცხოელ დიპლომატებს მოუწოდა, არ დასწრებოდნენ პარლამენტის პირველ სხდომას, რათა მას ლეგიტიმაცია არ მისცემოდა.
გიორგი გახარია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს „სისტემურად გაყალბებულს“ უწოდებს.
ანა ბუჩუკურმა, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ ფეისბუკზე დაწერა: „ასეთი რამ არ მომხდარა, რაც თავი მახსოვს“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შიდა პოლიტიკური კრიზისისას, პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ პარტნიორი ქვეყნების ელჩები. სხდომას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მათ შორის გერმანიისა და შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩები, ჰუბერტ ქნირში და კელი დეგნანი.
ცესკომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ცნობს.
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:
„კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
„ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
„ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
„გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.