აქციაზე დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა
19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
ბრალის დადგენილება მას გამომძიებელმა 22 ნოემბერს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნო.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
პროკურატურის თანახმად, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ბრალის წარდგენის ღონისძიებას დაესწრნენ დაკავებული ახალგაზრდის ადვოკატებიც, თუმცა ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე მათე დევიძის ოჯახს არ სურს ჟურნალისტებთან ურთიერთობა.
წინასწარი დაკავების იზოლატორთან იყვნენ მათე დევიძის მეგობრები. ვახო რუხაია თავად შეესწრო მათე დევიძის დაკავების ფაქტს. ის ამბობს, რომ მისმა მეგობარმა პოლიციელებს ჯოხი ინსტინქტურად, თავდაცვის მიზნით მოუქნია:
„მათესთან ერთად ვიყავი მეც. სწორედ ის მომენტი იყო, როცა ხალხის დაჭერა დაიწყეს. გავიქეცით და აღმოვჩნდით დაპირისპირებულ ზონაში. მათესკენ წამოვიდნენ პოლიციელები. მათემ იქვე დაგდებული რაღაც ჯოხი აიღო და მოიქნია. ჩემი აზრითაც, ინსტინქტი იყო და თვითონაც ამბობს, რომ ინსტინქტურად მოიქნია, თავდაცვის მიზნით. ამის გამო კიდევ უფრო გამეტებით ეცნენ პოლიციელები.
ოთხი პოლიციელი მიათრევდა. გავეკიდეთ მეგობრები, სხვა, უცხო ადამიანებიც. ვცდილობდით, რომ დაგვეხსნა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.
ჩემი აზრით, სასამართლო მათეს წინასწარ ორთვიან პატიმრობას შეუფარდებს და ხალხი უნდა იყოს მზად, რომ გამოხატოს პროტესტი და სასამართლომ გაიგოს ჩვენი ხმა. იმედია, შევცვლით მათეს ბედს, არ მოუწევს ციხეში წლების გატარება“, - ამბობს ვახო რუხაია.
მათე დევიძეს 21 ნოემბერს წინასწარი დაკავების იზოლატორში ესაუბრა კიდევ ერთი ადვოკატი ბექა კვინიკაძე. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, დაკავებული თავს მხნედ გრძნობდა და მას აუხსნა, რატომ მოიქნია ჯოხი:
„მან გამომძიებლებს უთხრა, რომ ჯოხს იმიტომ ვიქნევდი, შემეშინდა, მაგრამ მიზანი, რომ ვინმესთვის დამერტყა, არ მქონიაო. ამბობს, რომ არავისთვის დაურტყამს და უბრალოდ იქნევდა ჯოხს, იქნევდა დროშის ტარს, არანაირი ხელკეტი არ ჰქონია“, - ამბობს ბექა კვინიკაძე.
21 ნოემბერს, საღამოს, მელიქიშვილის გამზირზე გაიმართა მათე დევიძის მხარდამჭერი აქცია "თავისუფლება მათეს".
თბილისის საქალაქო სასამართლო მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას, სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. მათ შორის იყო მათე დევიძეც. ისევე როგორც სხვა დაკავებულებს, სამართალდამცავები მასაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებოდნენ. თუმცა 21 ნოემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დაწყებული საქმის წარმოება გამოძიებამ სისხლის სამართლის დანაშაულად გადააკვალიფიცირა.
19 ნოემბერს, დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.