"ოლიგარქო წადი, ჩვენ ვრჩებით" - ქალთა მარში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდა
ქართველი ქალების ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულ მარშზე წელს აქცენტი ემიგრაციაზე იყო, იმის გათვალსიწინებით რომ "გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე."
"ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავალისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს" - ეწერა ქალთა მარშის ანონსში.
ბოლო ათ წელში ემიგრანტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 245 064 იყო, რაც წლიურად 95.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
24 ნოემბერს ქალთა მარშის გარდა დაგეგმილია მასწავლებლების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მსვლელობაც ილიას უნივერსიტეტიდან თსუ-ს მიმართულებით. მსვლელობას გამართავენ არტისტებიც რუსთაველის მეტროდან თსუ-მდე. საღამოს 9 საათისთვის კი მოქალაქეები პარლამენტთან აპირებენ შეკრებას ღამის გასათევად, სადაც 25 ნოემბრის დილას მე-11 მოწვევის პარლამენტი აპირებს შეკრებას.