შოიგუმ თალიბანთან მოლაპარაკება გამართა
რუსეთის ხელისუფლებას თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული და ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ამ დრომდე არ შეუცვლია.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ქაბულში 25 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შოიგუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განიხილეს ეკონომიკის, ტრანსპორტის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
სააგენტოს მოჰყავს შოიგუს სიტყვები, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში დღევანდელი მთავრობის მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და გასაგები გახდა.
„ტასის“ ცნობითვე, თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქაბულის და მოსკოვის ურთიერთობები განმტკიცდება და რუსეთი ავღანეთს დაეხმარება აშშ-ის და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ზეწოლის განეიტრალებაში.
ავღანური საინფორმაციო პორტალის, Alemarah-ის ცნობით, ქაბულში ვიზიტისას შოიგუმ მიუთითა რუსეთის გეგმაზე, თალიბანი „შავი სიიდან“ ამოიღოს.
ავღანეთის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზამირ კაბულოვმა 2024 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ რუსეთის შსს და უშიშროების ფედერალური სამსახური სხვა უწყებებთან ერთად მუშაობენ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან თალიბანის ამოღების სამართლებრივ საკითხებზე.
განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილმა თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი პირველად 1996 წელს დაამყარა და ქვეყანა ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა მოკავშირე სახელმწიფოებთან ერთად ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი თალიბანის რეჟიმი 2001 წელს დაამხო.
თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალებმა.